2020 წლის სექტემბერში თბილისში 3 ათას 121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. როგორც „კოლიერსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელთან შედარებით ბაზრის ზომა 8%-ითაა გაზრდილი და 134 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ამასთან, თბილისში ახალაშენებული ბინების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი მხოლოდ 2%-ითაა შემცირებული და 962 ერთეულს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, ახალაშენებული ბინების პრემიუმ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29% და 23%-ით ჩამორჩებიან. ხოლო, ეკონომ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 32%-ითაა გაზრდილი და ათას 814 ერთეულს შეადგენს, რაც დიდწილად სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მდებარე ბინებზე დაფიქსირებული ტრანზაქციები 2020 წლის პირველ სამ კვარტალში 24%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში დრამატული - 63%-იანი კლება შეინიშნებოდა.