საზოგადოებრივი საპირფარეშოები თბილისში მაისიდან ეტაპობრივად მოეწყობა. ამის შესახებ, დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განაცხადეს. მათივე ცნობით, ივლისის ბოლოს საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქის მასშტაბით, 30 ადგილზე იქნება მოწყობილი.
30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა გასული წლის პირველ დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც მერიის ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ვადებმა მაისამდე გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზების გამო გადაიწია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს „კონსალტინგ გრუპმა“ გაიმარჯვა. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.