"საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისინი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა სასტუმრო "რუმსში" განუცხადა, სადაც მესამე სექტორი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკა გიგაურის თქმით, გეგმა, რომელიც შეხვედრაზე შემუშავდა, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. მისივე განმარტებით, მაუწყებლის საზოგადოებისთვის დასაბრუნებლად შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ჯგუფით დაკომპლექტდება. როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების ფინანსური საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გადაცდომაზეა საუბარი.