საწვავსა და ავტოგაზზე აქციზის გადასახადი არ შემცირდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა მისცა პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს. პროექტი აქციზის გადასახადის განახევრებას და 2017 წლის 2 იანვრამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის შინაარსი გაიზიარეს და კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთის - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 კუბური მეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.