მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 84 ათას 600 ტონა შეადგინა, რაც 6 ათას 100 ტონით აღემატება იანვრის მაჩვენებელს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2019 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა 45 ათას 800 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38 ათას 800 ტონა შეადგინა.
გასულ თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 30 ათას 400 ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 36%-ს შეადგენს. მას მოსდევს რუმინეთი - 20 ათას 900 ტონით, მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი - 15 ათას 800 ტონით. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 8 ათას 900 ტონა; საბერძნეთი - 3 ათას 900 ტონა და თურქმენეთი - 4 ათას 800 ტონა საწვავის იმპორტით.