06:59
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 10 სექტემბრიდან შეძლებენ
06-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებსა და საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

“ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე მოქმედებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.

პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები