მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აპრილში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 11.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 11 მილიონ 900 ათასი ტონა იყო.სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 3 მილიონ 500 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 116 მილიონ 100 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-აპრილში კი ეს ციფრი 112 მილიონ 600 ათასი იყო.
2018 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 5 მილიონ 700 ათასი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე შემცირდა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 18 ათას 188 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 133 ათას 169 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 114 ათას 981 კონტეინერი გადამუშავდა.