აშშ-ის ქალაქ ნეშვილში საპრეზიდენტო კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა. დებატებისას ტრამპმა ბაიდენი დაადანაშაულა, რომ მან რუსეთისგან 3,5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. „ჯო ბაიდენმა 3,5 მილიონი დოლარი მიიღო რუსეთისგან და ეს პუტინისგან წამოვიდა. ბაიდენს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან. მე რუსეთისგან ფული არასდროს მიმიღია“- განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ყირიმი რუსეთს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს გადასცეს. „თქვენ გადაეცით ყირიმი რუსეთს. რუსეთი თქვენ დიდ ფულს გიხდით. ახლა ეს ყველაფერი ცხადი გახდა, როდესაც გასაჯაროვდა ელექტრონული მიმოწერა,”- მიმართა მას დონალდ ტრამპმა. თავის მხრივ, ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა. „220 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ის პირი, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, არ შეიძლება, დარჩეს აშშ-ის პრეზიდენტად,“- განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, ამერიკა არა კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას, არამედ მასთან ერთად სიკვდილს სწავლობს.