2020 წლისთვის თბილისის სატელევიზიო ანძაზე შესაძლოა, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყოს. სატელევიზიო კოშკის განვითარების კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებმა" უკვე შეიმუშავა, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოიწონა და თანხმობა მისცა.
ესკიზის მიხედვით, „კოკო არქიტექტორებს“ ანძის განვითარების ორი ვარიანტი აქვს შემუშავებული. პირველი ვარიანტის თანახმად, საუბარია ორსართულიანი სამკუთხედის ფორმის ტურისტული სივრცის მოწყობაზე, ხოლო მე-2 ვარიანტის თანახმად, ანძაზე წრიული ფორმის სივრცე მოეწყობა, რომელიც ასევე ორსართულიანი იქნება. ეს სივრცეები გააერთიანებს: ბარს, რესტორანს, ლაუნჯს, ტერასას, საკონფერენციოს და ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის.
კონცეფციაში საპროექტო ტერიტორიის შესაძლო გაფართოებაზეც არის საუბარი. მათ შორის საუბარია, სასტუმროს ან სპა სასტუმროს მოწყობაზე. ამასთან, კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე წრიული მოძრავი იატაკის მქონე რესტორნის მოწყობაც განიხილება.