"ჯეოსელის" აბონენტებს ტარიფი ეზრდება. კომპანია "სილქნეტის" ცნობით, რომელმაც "ჯეოსელი" გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. "სილქნეტის" ცნობით, 1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს მიიღებენ.
მათ შორის, 1-ლი მარტიდან „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის, „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; „ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან - 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა.
მომხმარებელს ახალ სატარიფო პოლიტიკას შესთავაზებს „მაგთიც“. კერძოდ, კომპანიის ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება.