სასტუმრო „ლეოგრანდეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა. ოჯახებთან მატერიალური კუთხით ზარალის ანაზღაურებაზე წერილობითი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, თუმცა ადვოკატი კახა წერეთელი კომპენსაციის სახით გაცემულ თანხებს არ აკონკრეტებს.კონკრეტული თანხის გარდა, საუბარია გარდაცვლილთა შვილებზე სრულწლოვნობის მიღწევამდე, დახმარების გაცემაზე და ასევე მათი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის თანხის ანაზღაურებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო „ლეოგრანდეში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა თითო ოჯახმა კომპენსაციის სახით 50 ათასი დოლარი მიიღო.რაც შეეხება კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ადვოკატის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მათთანაც პრაქტიკულად დასრულებულია. ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.