თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰოლიდეი ინ გაიხსნება. სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს მმართველი საერთაშორისო კომპანია ტი სამი ჰოსპიტალიტი მენეჯმენტი მომსახურე პერსონალისთვის ჩაატარებს ინტენსიურ ტრენინგებს და სასტუმროს ამოქმედების დღიდან აქტიურად უზრუნველყოფს კადრების მუდმივ განვითარებას, რაც სამომავლოდ მომსახურების მაღალ ხარისხზე აისახება.
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, სასტუმროში 85 ოთახი, ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მასაჟისა და ორთქლის ოთახი, 2 რესტორანი და 3 საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი სარესტორნო ქსელის „კახელები“ პირველი რეგიონალური პროექტის გახსნა, რომლის მომსახურების და სანიტარული უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებს.