სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა. როგორც „საპარტნიორო ფონდში“ განაცხადეს, საჯარო აუქციონი, რომელიც ფონდმა სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ გამოაცხადა, მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა.
ამასთან, როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადება კვლავ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 მილიონ 565 ათას 408 ამერიკული დოლარი იყო, თუმცა მონაწილეების არარსებობის გამო აუქციონი ვერ შედგა. მეორე საჯარო აუქციონი, რომელზეც სასტუმროს საწყისი ფასი 30 მილიონ 52 ათას 326 დოლარამდე შემცირდა, 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა.