სასწრაფო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება - Palitra News

სასწრაფო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება

2020-11-09 12:22:15+04:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარება – არაუმეტეს 10 000 ლარი გადაეცემა, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში უკვე შევიდა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. დაღუპულები ბაღდათის და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იყვნენ.