პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი გაქცევისას ხიდის ორივე მხრიდან თავდამსხმელებს შორის მოექცა, რამაც მას თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მოუსპო. უწყების ცნობითვე, გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით გიორგი შაქარაშვილი იძულებული გახდა გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში ჩასულიყო, სადაც მას ჩაჰყვა ხუთი თავდამსხმელი.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები იყვნენ ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისსთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.
ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.