აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია კონსტიტუცია „ტვიტერზე“ იმ ადამიანების დაბლოკვით, რომელთა მოსაზრებები მას არ მოსწონდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა.
გადაწყვეტილების მიხედვით, ტრამპს კონსიტუტციის პირველი შეწორების მიხედვით, ეკრძალება „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ადამიანების დაბლოკვა.
"პირველი შესწორების მიხედვით, საჯარო პირს, რომელიც სოციალურ მედიას ოფიციალური მიზნებისთვის იყენებს, არ აქვს უფლება ადამიანებს არ მისცეს წვდომის შესაძლებლობა", - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
აღნიშნულს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
თეთრ სახლში კი კომენტარს არ აკეთებენ.
დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ საკუთარი გვერდი 2009 წელს შექმნა, პრეზიდენტი მას თითქმის ყოველდღიურად აქტიურად იყენებს. ტრამპს „ტვიტერზე“ 62 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.