ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ საქველმოქმედო ფონდში მობილიზებული თანხების პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად "ბოროტად გამოყენების" გამო, 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მოსამართლის განცხადებით, ამერიკელი ვეტერანებისთვის ფონდში მობილიზებული თანხები დონალდ ტრამპმა 2016 წელს აიოვას შტატში ჩატარებული პრაიმერის დასაფინანსებლად გამოიყენა. მისივე განმარტებით, ისეთი საქველმოქმედო დაწესებულებების, როგორსაც დონალდ ტრამპი და მისი სამი შვილი ხელმძღვანელობდა, პოლიტიკაში ჩარევა არ შეიძლება და თანხა დონალდ ტრამპს საკუთარი შემოსავლებიდან უნდა გადაეხადა.
თავად თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე "პოლიტიკურად მოტივირებული" იყო.
"უბადრუკი "დემოკრატები" ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის საქველმოქმედო ფონდი 2018 წელს დაიხურა.