თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ვახტანგ გიგინეიშვილი დაიკითხა. დაზარალებული აღნიშნავს, რომ აქციის ღამეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ასევე, წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც პირადი ნივთები წაართვეს. აქვე აცხადებს, რომ სპეცრაზმმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც ტერიტორიიდან გასვლასა და რუსთაველის გამზირის დატოვებას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, 26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.