თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მოქალაქე დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა.