ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB-„-დან „BB“-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. სარეიტინგო სააგენტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, საგარეო შოკებისადმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მდგრადობას ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მცდელობა, ხელი შეუწყოს და კიდევ გააუმჯობესოს ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკებისადმი, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის საფუძველი; ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings პირველ რიგში აღნიშნავს და მიესალმება იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.