Fitch-ის შემდეგ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ, ეს ენდ პი გლობალის ანგარიშის მიხედვითაც, პანდემიის და გლობალური კრიზისის მიუხედავად ქვეყნის რეიტინგი უცვლელია, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 4 პროცენტი იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე.