საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამ დროისთვის, პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული, – აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.ცესკო ცნობით, არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით, სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ერთ საინიციატივო ჯგუფს რომელმაც არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში და ერთ პოლიტიკურ პარტიას რომელიც არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.ამასთან, ცესკო-ში მხარდამჭერთა სია წარადგინა 25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ექვსმა საინიციატივო ჯგუფმა. ამჟამად, საარჩევნო ადმინისტრაციაში ექვსი სუბიექტის სარეგისტრაციო პროცედურები ხორციელდება. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.