ლა ლიგის 30-ე ტურში ვილიარეალმა ბარსელონას უმასპინძლა. გუნდებმა ერთმანეთს 8 გოლი გაუტანეს და მატჩი ფრედ, 4:4 დასრულდა.ბარსელონამ მატჩი კარგად დაიწყო და მე-16 წუთზე მეტოქეს უკვე 2:0-ს უგებდა. ბრაზილიელმა მალკომმა ჯერ კოუტინიოს გაატანინა, ხოლო 4 წუთში ლა ლიგაში პირველი გოლის გატანა მოახერხა. ვილიარეალმა ანგარიშში სხვაობა 23-ე წუთზე შეამცირა, ჩუკვუეზემ ბარსელონას მცველებს აჯობა და სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. ვალვერდეს გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.ვილიარეალმა მეორე ტაიმის 30-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანა. ტოკო ეკამბიმ 50-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე იბორამ მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო მე-80 წუთზე კარლოს ბაკამ ვილიარეალს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა - 4:2. ბარსელონა მარცხს ლიონელ მესისა და ლუის სუარესის გოლებით გადაურჩა. მესიმ სეზონში მე-7 ჯარიმა გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე ლუის სუარესმა ძლიერი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:4. სუარესი ამ გოლით ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ურუგვაელი ბომბარდირი გახდა, რომელსაც 129 გოლი დაუგროვდა და დიეგო ფორლანს ერთი გოლით გადაასწრო.