2016 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 134, აფხაზეთის მიმართულებით კი 193 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც პარლამენტის სამ კომიტეტში დღეს განიხილავენ.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების რაოდენობა ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს და ბერკეტს, მათ შორის „ცხელ ხაზსა“ და IPRM-ის შეხვედრებს, რათა დროულად მოხდეს დაკავებულთა გათავისუფლება.