საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 33წლის მამაკაცი ზაზა გახელაძე ახალგორის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ დაკავებულის თხოვნით, ოჯახს ახალგორიდან აცნობეს. ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.