საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია პალიტრანიუსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ.
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის.