საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით. აქედან გამომდინარე, ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში, სასმელი წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფის შესაბამისად გადაიხდიან. სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელია უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი. პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიეტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად. კერძოდ კი, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.