2 ივნისს 20 საათზე თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს. შეხვედრა ერთა ლიგის C ლიგის ეგიდით გაიმართება.
მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე გამოსცადა და გუნდში კარგი ატმოსფეროა.
სანიოლის განცხადებით, თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, თითოეული ნაკრები ბევრს მუშაობს და სერიოზულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ, რაც გუნდს მოტივაციას ზრდის და ყველა თამაშისთვის შესაბამისი განწყობა უქმნის.
საქართველოს ნარკების მწვრთნელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდს მოკლე დროში ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევს, რაც იოლი არ იქნება, თუმცა ახლა ნაკრები სრულად გადართულია გიბრალტართან.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 6 დღეა ვარჯიშობს.
სანიოლმა ასევე ისაუბრა იმ გეგმაზე, რომელიც მოახლოებული მატჩებისთვის აქვს.
„მე მაქვს გეგმა, მოვიგო ივნისის ოთხივე შეხვედრა. როგორც უკვე აღვნიშნე, კონკრეტული გეგმის არსებობა რთულია, რადგან ეს ზოგჯერ არ მუშაობს“, - განაცხადა სანიოლმა.