კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გემის ბორტზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 17 მეზღვაურია, ოთხი კი სამოქალაქო პირი.
CNN-ის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობა ადგილობრივ საავადმყოფოში უტარდებათ. გემიდან სრული ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. აფეთქებისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქების დროს გემის ბორტზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 160 მეზღვაური იმყოფებოდა. გემის ეკიპაჟის შემადგენლობაში სულ 1000-მდე ადამიანი შედის.
როგორც „როიტერი“ წერს, გემი 1998 წელს შეიქმნა და ბენჯამინ ფრანკლინის საპატივსაცემოდ სახელად „Bonhomme Richard“ უწოდეს. მისი დანიშნულება ბრძოლის ადგილამდე ვერტმფრენებისა და სახმელეთო ჯარების გადაყვანაა. გემი მონაწილეობდა არაერთ სამხედრო ოპერაციაში და ჰოლივუდის რამდენიმე ფილმშიც გამოჩნდა, მათ შორის არის 2012 წელს გადაღებული ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი ფანტასიკის ჟანრის ფილმი „საზღვაო ომი“.