2020 წელს, "საქსტატი" განათლებისა და უძრავი ქონების დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევას გეგმავს. კერძოდ, საუბარია რეპეტიტორებსა და ბინის გამქირავებლებზე. აღნიშნულ ნაწილში ეკონომიკის მაჩვენებელი შესაძლოა საკმაოდ მაღალი იყოს. ,,საქსტატი“ წელს ასევე პირველად ჩაატარებს დროის გამოყენების სტატისტიკის კვლევას. ამასთან, 20 იანვრიდან ყოველთვიურად გამოქვეყნდება ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი, ქვეყნების და სასაქონლო ჯგუფების ჭრილში. კიდევ ერთი სიახლე, სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევას ეხება, რომლის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება, დასაქმების დონე კი შემცირდება. ,,საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში აღრიცხულია 800 000 თვითდასაქმებული, რომლის უმეტესი ანწილი, თითქმის 80% სოფლადაა დასაქმებული და უსასყიდლოდ მუშაობს საკუთარ მამულში. თოდრაძის განცხადებით, ამ ადამიანების ნახევარზე მეტი მოწეულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებებს. ახალი მეთოდოლოგიით კი, ასეთი ადამიანები დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან.