სამშენებლო სექტორში უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზებისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენი სამშენებლო სექტორის, შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამუშაო პროცესში გარდაცვლილთა სტატისტიკაზე, რომელმაც ბოლო პერიოდში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საკანონმდებლო რეგულაციებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. გასული წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომლითაც განისაზღვრა მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოებისთვის დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულელბი. მიუხედავად საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებებისა, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, შრომის პირობები და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, ქვეყნისთვის ისევ მთავარ გამოწვევად რჩება. ამას მოწმობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ინსპექტირების შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სექტორში ისევ აქტიურად იკვეთა სისტემური ხასიათის დარღვევები, კერძოდ: მანქანა-დანადგარების უსაფრთხოების უკუნტროლობა, უბედური შემთხვევების დაზღვევის უქონლობა, რისკების შეუფასებლობა, კოლექტიური დაცვის საშუალებების უქნლობა/გამოუყენებლობა, პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისთვის მოუმზადებლობა, ასევე კუსტარულად დამზადებული დანადგარების გამოყენება.სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა 50%-ზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდის. გასულ წელს საქართველოში, მშენებლობაზე დასაქმებული 39 ადამიანი დაიღუპა. 37-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო. ბოლო ფატალური შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. კერძოდ, კოსატავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული ერთი პირი მაღალი სართულიდან , სამუშაოს წარმოების პროცესში ჩამოვარდა და გარდაიცვალა.