კომპანია Samsung-ი მის საფლაგმანო მოდელს - ახალ Galaxy Note 10-ს 7 აგვისტოს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის „ტვიტერზე“ გავრცელდა. სმარტფონის პრეზენტაცია ნიუ-იორკში ღონისძიება Unpacked 2019-ის ფარგლებში Barclay's Center-ში გაიმართება.
სმარტფონის ზუსტი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მას უფრო დიდი კამერა და უფრო დიდი ეკრანი ექნება, ვიდრე ამჟამინდელ Note 9-ს.
როგორც გამოცემა The Verge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ახალი მოწყობილობის ეკრანის ქვეშ შესაძლოა, განთავსდეს ფრონტალური კამერა. სხვა ინფორმაციით, ის შეიცვლის აუდიო პორტს და უარს იტყვის ყურსასმენების 3,5 მმ-იან (მილიმეტრიან) პორტზე.