2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართველად სამშობიაროების მიმართ სტანდარტები მკაცრდება. ამის შესახებ, მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, სამშობიაროები, რომელთაც 2018 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, ჯამში, 750-ზე ნაკლები მშობიარობა/საკეისრო კვეთა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე დაწესებულებებს შეეხება. ამასთან, დადგენილების თანახმად, მოთხოვნა არ ვრცელდება საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.