აგვისტოს 2%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, სექტემბერში, შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 % შეადგინა. თუმცა, სამშენებლო სფეროში ისევ შემცირება შეინიშნება. კერძოდ, მომდინარე წელს გაცემული სამშენებლო ნებართვები 4,6%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა 1 830 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 15,9 %-ით ჩამორჩება. დარგის სპეციალისტები ამ მოვლენას, სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირებენ. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მაკალათია მიესალმება ტექნიკურ რეგლამენტს „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, თუცმა იმასაც ამბობს, რომ ამ დადგენილებამ გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება და ამასთან, შეაფერხა სამშენებლო ნებართვების გაცემა. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ დროულად არ გადაიდგა სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი ნაბიჯები, არა მხოლოდ ეს დარგი, არამედ მთლიანად ეკონომიკა დაზარალდება.