თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამშენებლო კომპანია „აგის ჯორჯიას“ და იურისტ ალა კახნიაურის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ალა კახნიაურმა მეუღლესთან, რეზო კახნიაურთან ერთად მათი კუთვნილი საცხოვრებელი მშენებარე კორპუსი მიითვისა, რომელშიც მათივე თქმით, 160 000 ლარი ჰქონდათ გადახდილი. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ კორპუსში კახნიაურმა თავისი ნათესავები შეასახლა. დაზარალებულების განცხადებით, საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, თუმცა ისინი პროცესს გაჭიანურებულად მიიჩნევენ და თავს დაზარალებულად ცნობენ. საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.