2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9 პროცენტიანი ზრდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებსა და ძირითად ლითონებზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ჯგუფზე - წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით. ფასების 5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში ფასები 4.8 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები გაზრდილია 19.6 პროცენტით. ამავე პერიოდში ფასები 17.8 პროცენტით გაიზარდა ჯგუფზე -წყალმომარაგება; კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე კი ფასები 4.2 პროცენტით გაიზარდა.