2020 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 10 პროცენტიანი ზრდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 2.4 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.98 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებსა და სასმელებზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი, რამაც 0.22 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.12 პროცენტული პუნქტი შეადგინა.