წინა თვეში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით 1,6%-ით, ხოლო 2017 წლის იანვართან შედარებით 8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ფასები 14,3 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის ფორმირებაში 1,83 პროცენტული პუნქტი შეიტანა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 1,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0,11 პროცენტული პუნქტით აისახა.
ამასთან, "საქსტატის" ცნობით, 0,5%-ით შემცირდა ფასები გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში მინუს 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.