2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 816 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 222 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი - 34 მილიონ 100 ათასი დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო; მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლის ექსპორტმაც 15 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.ათ უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის მოხვდა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული სახით. კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეში 9 მილიონ 380 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 10 მილიონ 117 ათასი დოლარი იყო.