სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყების პირველ დღეს 18 500 ადამიანი აცრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეაში ვაქცინაციის პროგრამა AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენებით დაიწყო. ქვეყანაში პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებსა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს აცრიან. AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიით 289 000 მოქალაქეს აცრიან, COVAX-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით კი კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებების 55 000 თანამშრომლის ვაქცინაცია განხორციელდება. მთავრობა იმედოვნებს, რომ ნოემბრისთვის მინიმუმ 36 მილიონ ადამიანს, მოსახლეობის 70%-ს აცრის და ქვეყანაში ე.წ. კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს.