საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები წიგნის დღესთან დაკავშირებით, წიგნის ჩუქების აქციას შეუერთდნენ. მათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები წიგნებით დაასაჩუქრეს. წიგნის ჩუქების აქციაში ჯარისკაცებს მწერალი გიორგი კეკელიძეც შეუერთდა. ჯარისკაცებმა მოქალაქეებს თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მწერლები მშვიდობისთვის“ ფარგლებში გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნები გადასცეს, საპასუხოდ კი, სამხედროებმა აქციის სხვა მონაწილეებისაგან საჩუქრებიც მიიღეს.