თბილისის 67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნათია მახარაშვილის განცხადებით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მიმართ მოსწავლეების მშობლებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ. როგორც ნათია მახარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დოდო კეზუამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამი მოსწავლე სცემა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ბავშვი ექიმმაც შეამოწმა და სხეულზე დაზიანებები დააფიქსირა. ნათია მახარაშვილი აცხადებს, რომ სკოლის პედაგოგმა შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლესაც. „ამ პედაგოგის წინაააღმდეგ გვაქვს აბსოლუტურად საფუძვლიანი ბრალდებები. ის სცემს ბავშვებს და ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ბოლო ფაქტი დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა. მერვე კლასის მოსწავლე არის ნაცემი, რომელსაც მკლავზე დალურჯებები აღენიშნება. ის ექიმმაც შეამოწმა და საჩივრის წერილს ექიმის სამედიცინო ბარათიც ახლავს. რაც შეეხება აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეს, ამ გოგონას დოდო კეზუამ „თათარი“ უწოდა, ასევე უთხრა „აზერბაიჯანულ ქორწილში არ ვყოფილვარ, უნდა გაგათხოვო“. მოგვიანებით ამავე პედაგოგმა ამ ბავშვს ძვირადღირებული ჩანთა დაუხია, რასაც მშობლის პროტესტი მოყვა. მშობელი აცხადებდა, რომ თუ რეაგირება არ მოყვებოდა მის საჩივარს, რომელიც სკოლის დირექტორის სახელზე დაიწერა, მაშინ წავიდოდა და აზერბაიჯანის საელჩოში იჩივლებდა“, - განაცხადა ნათია მახარაშვილმა. როგორც ნათია მახარაშვილი ამბობს, დოდო კეზუა არა მხოლოდ სკოლის ახლანდელი დირექტორის, არამედ სხვა დირექტორების წინააღმდეგაც წერდა საჩივრებს, რის გამოც განათლების სამინისტროს აუდიტი მუდმივად ამოწმებდა სკოლას. „არ ვიცი რა მიზნები აქვს ამ ქალბატონს, მაგრამ ფაქტია, მან ააბუნტა სკოლის მოსწავლეები. ეს ბავშვები მასთან ქიმიაში ემზადებიან და როგორც ჩანს, შიშიც აქვთ. ერთ-ერთ მშობელს აქვს ნათქვამი, თუ კეზუას მხარს არ დავუჭერთ, შეიძლება სახლში მოგვივარდესო“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნათია მახარაშვილმა. „ინტერპრესნიუსი“ 67-ე სკოლის დირექტორს მარიამ თავართქილაძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კომენტარს მხოლოდ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.
სკოლის მოსწავლების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ.