სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. გაფართოებულ შეხვედრაზე, მიმდინარე თემებთან ერთად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ექიმების პროფესიული მოვალეობის პროცესში ხელის შეშლის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე და სამედიცინო საქმიანობის შესახებ მედიაგაშუქების სტანდარტების დანერგვაზე. შეხვედრაზე დარგობრივი ასოციაციების აღიარების კრიტერიუმებიც განიხილეს. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.