შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.მათივე ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. უცხოელთა 17-კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა.”შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.