"სამართლიანმა არჩევნებმა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გამართა. დასკვნის თანახმად ერთ-ერთ ძირითად პრობლემად კვლავ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რჩება. ამის აღკვეთის მიზნით ორგანიზაცია ხელისუფლებას თანამდებობის პირთა წრის დავიწროვებას სთავაზობს, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ. "სამართლიანი არჩევნები" ასევე პრიორიტეტულად მიიჩნევს, გატარდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და გადაიხედოს ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ორგანიზაციის ხელმძრვანელის მიხეილ ბენიძის განცხადებით საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისთვის საჭიროა პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება და ექნება გადაწყვეტილებების მიღებისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადების მანდატი და ნდობა.