"სამართლიანი არჩევნები" - საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა - Palitra News

"სამართლიანი არჩევნები" - საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა

2021-01-29 15:23:10+04:00

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა და დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, „სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები - სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი.

მათივე ინფორმაციით, სააარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, შერჩევის 8% შეადგინა.