საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, ცდილობდა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა საერთო ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.