ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევების გამო 2017-2018 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს ჯამში, 8 პირის საქმე გადაეგზავნა. აქედან, პროკურატურამ 2017 წელს 7 პირის საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას არ გაუსაჯაროვებია ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა და რამდენ ხანს გაგრძელდება ამ 7 პირის შესახებ დაწყებული საქმის მოკვლევა. 2018 წელს კი სამართალდამცავ ორგანოებს შესასწავლად მხოლოდ 1 პირის საქმე გადაეგზავნა.
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ჯამში, 448 პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება მოხდა, საიდანაც 379 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. თუმცა, მათგან 31 დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა და შესაბამის პირებს მხოლოდ გაფრთხილება მიეცათ. ხოლო 348 პირი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა.ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და სხვა თანამდებობის პირები.