მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 1-ელ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს. ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე ათეული მსხვილი შემოწირულებაა განხორციელებული, კერძო პირების მიერ,ხოლო სექტემბერში პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულების სახით 332,245 ლარი მიიღო. გარდა ამისა, 84-მა შემომწირველმა ზურაბიშვილს 30-30 თეთრი გადაურიცხა.