მზადება გენერალური რეპეტიციისთვის - ინაუგურაციის სამზადისს სალომე ზურაბიშვილი პირადად ეცნობა. დეტალებში გასარკვევად არჩეული პრეზიდენტი თელავში ჩავიდა. ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იქ იმყოფებიან ინაუგურაციის მოსამზადებელი სპეციალური კომისიის წევრებიც. თელავში გენერალური რეპეტიციისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. სამუშაო ჯგუფი სცენისთვის შესაბამის კონსტრუქციას და აპარატურას ამონტაჟებს, იქ შაბათს დილიდან გენერალური რეპეტიციის გავლაა დაგეგმილი, რაშიც მონაწილეობას თავად არჩეული პრეზიდენტიც მიიღებს. ქალაქის ქუჩებში კი გამოფენილია სახელმწიფო დროშები. პროცესში აქტიურადაა ჩართული მერიის შესაბამისი სამსახურებიც. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.